გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი მიეკუთვნება მდგომარებას, რომელიც გამოიხატება სისხლში შაქრის  დონის მატებით, ვლინდება მხოლოდ ორსულობისას და როგორც წესი ნორმირდება მშობიარობის შემდეგ. ყველაზე ხშირად გვხვდება ორსულობის მე-2 ან  მე-3 ტრიმესტრში, თუმცაღა დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.

 

რა იწვევს გესტაციური დიაბეტის განვითარებას?

მისი განვითარების მიზეზია ინსულინის გამოყოფის შემცირება ან მისი მოქმედების მექანიზმის სხვადასხვა დარღვევები (ინსულინი ჰორმონია, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს).

 

ვინ არიან რისკის ჯგუფში?

გესტაციური დიაბეტი ნებისმიერ ორსულს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით მაღალ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები:

·           ჭარბი წონით, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2;

·           ანამნეზში მშობიარობა დიდი ნაყოფით ( > 4,1 კგ);

·           ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;

·           დედის წონა დაბადებისა >4,1 კგ ან < 2,7 კგ;

·           პოლიკისზტოზური საკვერცხეების სინდრომი;

·           სიმსუქნე ბავშვობაში;

·           ანამნეზში მკვდარშობადობა;

·           ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.

 

როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირება?

გესტაციურ დიაბეტს არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმპტომები, ძირითადად ვლინდება სკრინინგული კვლევების დროს. რეკომენდებულია გესტაციური დიაბეტის უნივერსალური სკრინინგი, რაც გულისხმობს ყველა ორსულის გამოკვლევას. ოპტიმალური დრო არის ორსულობის 24-28 კვირაზე. გესტაციური დიაბეტის სკრინინგს აწარმოებენ 50 გ გლუკოზის ორალური ტესტით.

( 150 მლ წყალში გახსნილი 50 გ სუფთა გლუკოზა) ე.წ. „მცირეტესტი“. ეს გულისხმობს უზმოდ (8 საათიანი შიმშლის შემდეგ) სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას, გლუკოზის მიღებას და ერთ საათში კვლავ სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას. ტესტის არანორმულ მაჩვენებლად მიჩნეულია სისხლის შრატში გლუკოზის რაოდენობა =130 ან =140 მგ/დლ (7,2 ან 7, 8 მმოლ/ლ). თუ ანალიზის შედეგად მივიღებთ დასაშვები ნორმიდან გადახრას, გესტაციური დიაბეტის  დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება 100გ გლუკოზის ორალური საამსაათიანი ტესტი.

 

გესტაციური დიაბეტის რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, სკრინინგი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრე, პირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს.

 

რა გავლენა შეიძლება იქონიოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობის მიმდინარეობაზე?

·           დიდი წონის ნაყოფი, რაც იწვევს პრობლემებს მშორიარობის დროს;

·           პოლიჰიდრამნიოზი (მრავალწყლიანობა);

·           ნაადრევი მშობიარობა (37 კვ-ზე ადრე);

·           პრეეკლამფსია (არტერიული წნევისა და შარდში ცილის მატება ორსულობის დროს);

·           ნეონატალური რესპირატორილი პრობლემები და მეტაბოლური გართულებები (ჰიპოგლიკემია, ჰიპერბილირუნემია, ჰიპოკალცემია);

·           პერინატალური სიკვდილობა და მკვდრადშობადობა.

 

როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის მკურნალობა?

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სისხლში შაქრის დონის კონტროლი, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას სწორი კვების რეჟიმის დაცვით, რომელიც გულისხმობს რაციონიდან მარტივი ნახშირწყლების მოხმარების შემცირებას, როგორიც არის შაქარი, თაფლი, ტკბილეული, ტკბილი სასმელები და ა.შ.  უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცილებით, რთული ნახშირწყლებით და ბოსტნეულით მდიდარ საკვებს.

ფიზიკური აქტივობა, ზომიერი დატვირთვის ვარჯიშები, სამედიცინო ან სამეანო უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში.

 

იმ შემთხევაში თუ ვერ მოხერხდა ცხოვრების სტილის მოდიფიკაციით სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალიბის დაწყება - ინსულინოთერაპია.

 

გესტაციური დიაბეტის გამოსავალი და მშობიარობის შემდგომი სამეთვალყურეო რეკომენდაციები.  

 

·           მშობიარობის ინდუქცია ორსულობის 39 კვირის ვადაზე იმ ორსულებში, რომელთაც უტარდებათ ინსულინოთერაპია;

 

·           მშობიარობის ინდუქცია ორსულობის 38 კვირის ვადაზე, თანმხლები პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში;

 

·           მშობიარობის ინდუქციის გადავადება ნორმოგლიკემიის შემთხვევაში;

 

·           საკეისრო კვეთის შეთავაზება, თუ ნაყოფის წონა >4500გ, რათა თავიდან აიცილოთ სამშობიარო ტრავმის განვითარება;

 

·           მშობიარობის შემდეგ გესტაციური დიაბეტის მქონე ქალთა ტესტირება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრის მიზნით;

 

·           გლუკოზის კონცენტრაციის (უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ) განსაზღვრა ვაგინალური მშობიარობის შემდეგ 24 საათში და საკეისრო კვეთის წარმოების შემდეგ 48 საათში.

 

გესტაციური დიაბეტის დროული გამოვლენით, გლიკემიის კონტროლის ადექვატური განხორციელებით, დროული და ადექვატური ინსულინოთერაპიით და ნორმოგლიკემიის შენარჩუნებით, შესაძლებელია დედისა და ნაყოფისმხრივი გართულებების თავიდან აცილება. გესტაციური დიაბეტის დროული დიაგნოსტირებით უმჯობესდება არამარტო ორსულობის გამოსავლი, არამედ მცირდება ის რისკ-ფაქტორებიც, რომლებიც ასოცირებულია მშობიარობის შემდგომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესაძლებლობასთან.